Copy-Paste საინვესტიციო სამყაროში.

ბიოლოგიაში და კონკრეტულად გენურ ინჟინერიაში, მეცნიერები ხშრად გამოიყენებენ ტერმინს კლონირება რომელიც ნიშნავს შემდეგს: ტერმინი კლონირება აღწერს უამრავ სხვადასხვა პროცესს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიოლოგიური ერთეულის გენეტიკურად იდენტური ასლების შესაქმნელად. კოპირებულ მასალას, რომელსაც აქვს იგივე გენეტიკური შემადგენლობა, როგორც ორიგინალს, მოიხსენიება როგორც კლონი.

ეს არის კლონირების ესე ვთქვათ მეცნიერული, აკადემიური განმარტება. მაგრამ მე მინდა ავიღო ეს ტერმინი თავისი მნიშვნელობით, წარმოვიდგინო როგორც ყალიბი, შაბლონი და ამ შაბლონის პრიზმიდან დავაკვირდე არაბიოლოგიურ მოვლენებს. და ვიპოვო სასარგებლო პარალელები. ფიქრის ამგვარი არქიტექტურა სასარგებლოც არის სახალისოც და ასევ უამრავ საინტერესო პერსპექტივებსაც ხსნის ფიქრის პროცესში.

მოდით დავიწყოთ.

და დავიწყოთ ამ შაბლონის განხილვა ამონარიდით, რიჩარდ დაუკინის შესანიშნავი წიგნიდან The Selfish Gene. რომელსაც აუცილებლად გირჩევთ რომ წაიკითხოთ.

ზოგიერთი პეპელა უსიამოვნო გემოთია ბუნებისგან დაჯილდოებული. ამგვარი პეპლები, როგორც წესი, ნათელი და გამორჩეული ფერისაა და ქვეწარმავლები და ფრინველები ცნობენ მათ, მათი "გამაფრთხილებელი" ნიშნებით, და თავს არიდენებ ამგვარ პეპლებზე თავდასხმას. ბუნებაში ასევე არსებობს სხვა სახეობის პეპლები, რომლებსაც არ აქვთ საზიზღარი გემო. ამგვარი პეპლები იმიტაციას აკეთებენ და ბაძავენ საზიზღარი გემოს მქონე პეპლებს. ისინი იბადებიან, და იღებენ ზუსტად იმგვარ შეფერილობას როგორც ცუდი გემოს მქონე პეპლებს აქვთ, ისინი აკეთებენ მათი სხეულის ზუსტ კოპიას (მაგრამ არა გემოს კოპიას). მათი შეფერილობა იმდენად იდენტურია, რომ არა მხოლოდ ჩიტები და ქვეწარმავლები ტყუვდებიან სახეობებში, ხშირად ნატურალისტებსაც კი უჭირთ მათი გარჩვა. ჩიტმა ან ქვეწარმავალმა, რომელმაც ერთხელ უკვე იგემა გემოთი ნამდვილად საზიზღარი პეპელა, ერიდება ყველა პეპელას, რომელიც მისნაირად გამოიყურება. ეს არის მიმიკა და ამიტომ მიმიკის და კოპირების გენები ხელსაყრელია ბუნებრივი გადარჩევისას. კოპირება არის ის თვისება რომლის მეშვეობითაც ბიოლოგიური სახეობები ევოლუციის და ბუნებრივი გადარჩევის პროცესში გამარჯვებული გამოდიოდა.

 

დააკვირდით ფოტოს  ეს პეპლები არა მხოლოდ სხვა ცუდი გემოს პეპლების შეფერილობის იმიტაციას აკეთებენ  არამედ არასასიამოვნო სუნის მწერების და ფეკალური მასების შეფერილობის იმიტაციასაც კი იყენებენ თავდაცვისთვის. ასევე იქცევიან სხვა ბიოლოგირუი სახეობებიც.

დააკვირდით ამ ფოტოს რომელზეც გამოსახულია ორი გველი. ერთი არის Texas Coral Snake და მეორე კი Mexican Milk Snake. ვიკიპედიას განმარტებით, Texas Coral Snake-ის შხამი არის „ძლიერი ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს ნერვ-კუნთოვან დისფუნქციას“ და დროის მოკლე ხანში გარანტირებულ სიკვდილს. მეორეს მხრივ Mexican Milk Snake აღწერილია როგორც იდეალური შინაური ცხოველი.

მიმიკის გენები ხელს უწყობს სახეობებს ბუნებრივი გადარჩევის პროცესში, შესაბამისად, ეს პეპლები გადარჩებიან და თავიანთ გენებს გააყოლებენ შემდეგ თაობებს. ჩვენ ადამიანებს გვაქვს სარკისებური ნეირონები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვისწავლოთ სხვების ქმედებებზე, შეცდომებზე დაკვირვებით. წიგნში ოსტატობა – წერს რობერტ გრინი

1990-იან წლებში იტალიელმა ნეირომეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა რაღაც, რაც კარგად ხსნის, იმას თუ როგორ ხვეწავდნენ და ავითარებდნენ ნადირობის უნარ ჩვევებს ჩვენი პრიმიტიული წინაპრები. მაიმუნების ტვინის შესწავლისას, მათ აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული მოძრაობის ბრძანების ნეირონები არა მხოლოდ მოქმედებენ, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ ძალიან სპეციფიკურ მოქმედებას, მაგალითად როგორიცაა ბერკეტის გამოყენება არაქისის კარაქის ქილიდან ამოსაღებად ან ტოტის მოწევით ბანანის მოკრეფა. არამედ ეს ნეირონები ასევე მოქმედებენ, როდესაც მაიმუნები აკვირდებიან მეორე მაიმუნს, რომელიც იგივე მოქმედებებს ასრულებდა ფიზიკურად. მათ ამ ნეირონებს შეარქვეს სარკის ნეირონები. ეს ნეირონული აღგზნება ნიშნავდა, რომ ეს პრიმატები განიცდიდნენ მსგავს შეგრძნებას მაშინ როცა ახორციელებდნენ კონკრეტულ სამუშაოს და მაშინაც კი როცა აკვირდებოდნენ, როგორ აკეთებდა სხვა პრიმატი იმავე სამუშაოს, რაც ნიშნავს, რომ ისინი საკუთრ თვს აყენებდნენ სხვის ადგილას და აღიქვამდნენ მის მოძრაობებს. ბოლო ექსპერიმენტებმა აჩვენა ასეთი ნეირონების არსებობა ადამიანებში, მაგრამ დახვეწილობის გაცილებით მაღალ დონით. მაიმუნს ან პრიმატს შეუძლია მოქმედების დანახვა შემსრულებლის თვალთახედვიდან და წარმოიდგინოს მისი განზრახვები, მაგრამ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ეს მაღალი დახვეწილობით. ყოველგვარი ვიზუალური მინიშნებების ან სხვების მხრიდან რაიმე ზემოქმედების გარეშე, ჩვენ შეგვიძლია განვათავსოთ საკუთარი თავი სხვის გონებაში და წარმოვიდგინოთ, რას ფიქრობენ ისინი.

თვითონ ის ფაქტი, რომ მაიმუნებს შეუძლიათ სხვა მაუმუნის ადგილეზე თავის დაყენება და იმ შეგრძნებების გაზიარება რასაც მუშაობაში მყოფი მაიმუნი განიცდის ეს სხვა არაფერია თუ არა წარმოსახვის უნარი. ანუ მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ ვითარება რომელ ვითარებაშიც თვითონ არ არიან, მაგრამ შეუძლიათ თუ არა წარმოსახვა იმ სიტუაციის რომელსაც უშუალოდ თვალს არ ადევნებენ, ეს უცნობია.

ერთი მნიშვნელბოანი გარემოება არის ის, რომ ადამიანის განვითარებაში უდიდესი ადგილი უჭირავს იმ ფაქტს, რომ მას შეუძლია წარმოიდგინოს. ნებისმიერი მიგნება, გამოგონება, თეორია, ევრიკა, ჯერ ადამიანის წარმოსახვის პროდუქტი იყო როგორც მაკეტი გონებაში და შემდეგ შეიქმნა ის ფიზიკურად.

ალბერტ აინშტაინის სიტყვები: „წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა“ ვინაიდან კარგი წარმოსახვის უნარი არის ის, რაც ცოდნას რთავს ქმედებაში. შესაბამისად რაც მეტს სწავლობს ადამიანი მისი წარმოსახვის უნარიც მაშტაბური ხდება.

როგორ ვხედავთ იმიტაცია, კოპირება ეს საკმაოდ ღირებული შაბლონია ევოლუციაში და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ შაბლონის გამოყენებით უამრავი ბიოლოგიური არსება ახერხებს გადარჩენას და თანაცხოვრებას.

მოდით ეხლა ამ შაბლონის პრიზმიდან დავაკვირდეთ ბიზნეს სფეროს.

მაგრამ მანამდე მინდა ერთი ისტორია გაგანდოთ.

ხალხმრავალი აუდიტორიის გარემოცვაში ერთ-ერთმა სამოტივაციო მომხსენებელმა მისი სემინარი დაიწყო შემდეგი სიტყვებით: "ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე ქალის მკლავებში, რომელიც ჩემი ცოლი არ იყო." აუდიტორიისთვის სრულიად მოულოდნელი იყო სამოტივაციო სემინარის ამგვარი დასაწყისი და ამ სიტყვებმა დამსწრეები შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს სიტყვები გაჟღერდა საკმაოდ ცნობილი და პატივცემული სპიკერის მხრიდან და თითქოს ეს აღიარებითი განცხდება, ცხადია ბევრისთვის მიუღებელი იქნებოდა. მოზომილი პაუზის შემდეგ სპიკერმა დასძინა: „ეს იყო დედაჩემი“ რასაც აუდიტორიის მხრიდან მოჰყვა ხმამაღალ სიცილს თანდართული მქუხარე აპლოდისმენტები.

სემინარის ერთ-ერთმა დამსწრემ, რომელიც აღფრთოვანებული დაბრუნდა ღონისძიებიდან სახლში, სამზარეულოში მყოფ მეუღლეს, რომელიც სადილის კეთების პროცესში იყო შეეცადა მის გაშარჟებას და სერიოზული სახით უთხრა: „იცი, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე ქალის მკლავებში და ეს შენ არ იყავი“. ისევე როგორც სამოტივაციო მომხსნებელმა, მანაც სცადა მოზომილი პაუზა და როცა გონს მოეგო, იწვა საავადმყოფოში და სახეზე მე-3 ხარისხის დამწვრობისგან მიყენებულ უხერხულობას, ექიმი ბინტით რთხილად უხვევდა.

მეუღლემ მას გაზქურაზე მადუღარი წყლით სავსე ქვაბი, პირდაპირ სახეში შეასხა.

სასაცილოა ვერაფერს იტყვი.

მოდით განვაგრძოთ და ყურადღების კონცენტრაცია მოვახდინოთ ამ ისტორიის ორ პოლუსზე: პირველი, სამოტივაციო მომხსენებლის სემინარის დასაწყისი და მეორე, სახლში მობრუნებული აღფრთოვანებული დამსწრის ქმედება.

მორალი არის შემდეგი: ნუ დაა-Copy-რებ, თუ წარმატებით Paste-ი არ შეგიძლია.

ის რომ დასაკოპირებადი ობიექტი კონკრეტულ გარემოში უბდალოდ მუშაობს არ ნიშნავს იმას, რომ დაკოპირების შემდეგ ახალ გარემოშიც უბადლოდ იმუშავებს. გარემოებას აქვს დიდი მნიშვნელობა

Copy-Paste იგივეა როგორც იმიტაცია, ან კლონირება ზოგი მას უწოდებს „ინსპირირებულ ქმედებას“. ხშირად დასმულ კითვაზე: რა იყო თქვენი ინსპირაცია, შთაგონების წყარო? ეს კითხვა მოიაზრებს: რა იყო ის, რისგანაც მოახდინეთ კოპირაბა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ რა დააკოპირეთ?

რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია სხვების შთაგონება. მაგრამ პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაძლევთ საშუალებას სხვებს იფიქრონ ჩვენი სახელით, და როდესაც ჩვენ ბრმად ვაკოპირებთ/ვახდენთ კლონირებას/იმიტაციას, იმისა რაც სხვებმა გააკეთეს/შექმნეს ან თქვეს.

ეს ბუნებრივი ადამიანური მიკერძოებაა, რომ მოვიქცეთ ასე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვმუშაობთ ავტორიტეტული ფიგურის ან ვინმეს გავლენის ქვეშ, რომელსაც წარსულში ჰქონდა წარმატება. ასეთი ადამიანების კლონირება დაბალ სიმაღლეზე დაკიდებული ნაყოფია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აღვიზარდეთ იდეით, როგორიცაა: "ხელახლა ხომ არ გამოვიგონებთ ველოსიპედს?"

რათქმაუნდა ხშირ შემთხვევაში აზრი არ აქვს ხელახლა ველოსიპედის გამოგონებას და კარგი იდეაა შესაბამის სფეროში, საუკეთესოს კლონირება, კოპირება, იმიტაცია. მაგრამ რაც დაემართა აღფრთოვანებულ სემინარის დამსწრეს ეს საშინელებაა. ამიტომ კოპირების/კლონირების დროს რამოდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი:

  1. როცა არ იცი, ღირს თუ არა ადამინის კონკრეტული ქმედების კოპირება?
  2. როცა არ იცი, ღირს თუ არა იდეის კოპირება?
  3. როცა არ იცი, როგორ მოახდინო სწორად PASTE-ი? იმ შემთხვევაშიც კი როცა იცი, რომ იდეა ღირს კოპირებად, Paste შეიძლება წარუმატებელი იყოს.
  4. როცა არ იცი რას გამოიწვევს PASTE (იმიტომ რომ 2 წუთით არ გინდა დააკავო 2 კილოგრამიანი ტვინი დასაფიქრებლად.)
  5. როცა არ იცი Copy-Paste-ს მერე თუ საქმე ისე არ წავა რა მოიმოქმედო მის გამოსასწორებლად.

ევოლუციურ ბიოლოგიაში ყველაზე მეტად კლონირებული/კოპირებული ეგზემპლარები არიან ისინი ვისაც კონკრეტულ გარემოებებში საუკეთესო თავდაცვის ფუნქციები გააჩნიათ. მაგალითად A ეგზემპლარი არ დაკლონავს B ეგზემპლარს მხოლოდ იმიტომ რომ B ეგზემპლარი ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია.

A ეგზემპლარი დაკლონავს/დააკოპირებს B ეგზემპლარის თვისებას ან ვიზუალურ გამოსახულებას იმიტომ, რომ მას გააჩნია საუკეთესო თავდაცვის მექანიზმი. მაგრამ აქ ისმის კითხვა: როგორ განმარტავს ან როგორ უნდა მიხვდეს A ეგზემპლარი რომელი ეგზემპლარის კოპირება ღირს და რომლის არა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითვაა.

მე არ ვიცი ამას როგორ აკეთებენ ბიოლოგიური ქმნილებები მაგრამ ერთ იდეას გაგიზიარებთ. და აქვე მინდა ავხსნა თუ რას ნიშნავს და რა უპირატესობა აქვს საწყისი პრინციპებიდან ფიქრის.

საწყისი პრინციპებიდან ფიქრის უპირატესობა.

მაიკლ ლომბარდი (შტატების ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში (NFL) უამრავი გუნდის მთავარი მწვრთნელი და მედია-ანალიტიკოსი) ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა:

ნებისმიერი თამაშის სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ამერიკულ­ფეხბურთში ვხედავთ, რაღაც მომენტში შექმნილია ვიღაცის მიერ, ვინც დაფიქრდა და დასვა კითხვა: „რა მოხდება თუ მოთამაშეებს განსხვავებული დავალებები მიეცემათ“. ამის შემდეგ, კონკრეტული თამაშის დროს, გატესტა ახალი იდეა, ააწყო თამაშის ახალი სტრატეგია, მიაღწია გამარჯვებას და ამის შემდეგ, სტრატეგიით მოხიბლულმა ათასობით იმიტატორმა მწვრთნელმა წარმართა თამაში, იგივე სტრატეგიით.

ეს არის ის, რასაც მწვრთნელი აკეთებს. ისინი აფასებენ მოწინააღმდეგის სუსტ წერტილებს, ასევე აფასებენ საკუთარი გუნდის შესაძლებლობებს, თითოეული მოთამაშის დონეზე და იძლევიან არაორდინალურ, ერთი შეხედვით უცნაურ დავალებებს და შედეგად ქმნიან ახალ თამაშს.

მწვრთნელი ფიქრობს საწყისი პრინციპებიდან გამომდინარე.

თამაშის ძირითადი წესები, ეს არის საწყისი პრინციპები ამ პრინციპებიდან გამომდინარე ნათელია, რა არის დაშვებული თამაშის დროს და რა - არა. ყველაფერი დაშვებულია, თუ ეს თამაშის მთავარ წესებს, პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.

იმიტატორი მწვრთნელი იყენებს იმ სტრატეგიებს, რაც უკვე ცნობილია, რა თქმა უნდა, შეიძლება აქა-იქ ამატებს უმნიშვნელო ელემენტებს, მაგრამ საერთო ჯამში იყენებს სტრატეგიას, რომელიც ერთ დროს ვიღაცის მიერ დამუშავდა და შეიქმნა.

•           მწვრთნელი ფიქრობს საწყისი პრინციპებიდან.

•           იმიტატორი მწვრთნელი ფიქრობს ანალოგებზე დაყრდნობით.

საწყისი პრინციპებიდან ფიქრი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია პრობლემების, განსაკუთრებით კი, რთული პრობლემების გადასაჭრელად. იდეა მდგომარეობს შემდეგში: რთული პრობლემების ან საკითხის დაშლა ძირითად ელემენტებად და შემდგომ მათი თავიდან აწყობა. ეს მიდგომა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, ვისწავლოთ დამოუკიდებლად აზროვნება. ის გვეხმარება შემოქმედებითი პოტენციალის აღმოჩენაში.

ამ მიდგომას იყენებდა არისტოტელე, დღევანდელობაში ამ მიდგომით ხელმძღვანელობს ილონ მასკი, ჩარლი მუნგერი, ამ მიდგომას იყენებდა სტივ ჯობსიც.

საწყისი პრინციპებიდან ფიქრი, იძლევა საშუალებას იმისა, რომ გაარღვიო დოგმატური მსჯელობის ბურუსი, არაადეკვატური ანალოგიები და გაღმა, „შეუძლებელია“-ს მიღმა დაინახო ის შესაძლებლობები, რომლებიც თავდაპირველად, საწყისი ხედვის წერტილიდან არ ჩანდა.

ანალოგებით ფიქრისგან განსხვავებით, საწყისი პრინციპებიდან ფიქრი, აღმოფხრავს იმ ბუნდოვანებას, რაც თან სდევს ვარაუდებსა და პირობითობას და რჩება მხოლოდ ყველაზე აუცილებელი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი ფიქრის სწორად წარსამართად. პრობლემის ან საკითხის ძირითად ელემენტებად დაშლა და დეტალებზე ყურადღების კონცენტრირება დაგვანახებს რეალურ სურათს. დაგვანახებს, ანალოგებით ფიქრი სად იყო შეცდომაში შემყვანი.

ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს ანალოგიებზე დაყრდნობით, ვინაიდან საწყისი პრინციპებიდან ფიქრი, სამყაროს მუშაობის უამრავი პრინციპის ცოდნას მოითხოვს.

ანალოგიებით და საწყისი პრინციპებით ფიქრის კიდევ ერთი კარგი მაგალითია მზარეულის და შეფის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტერმინი ხშირად გვხვდება ურთიერთშემცველობით ფორმაში, მათ შორის კი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური განსხვავებაა.

შეფი - გაუკვალავში მავალია. ადამიანი, რომელიც იგონებს კერძებს. მან იცის უამრავი ინგრედიენტის ფუნდამენტური გემოს ტონები და ესმის, როგორ მიიღოს ამა თუ იმ ინგრედიენტის სინთეზით ახალი გემო. მზარეული, რომელიც ანალოგებით ფიქრობს, კერძის დასამზადებლად იყენებს რეცეპტს. მზარეული ქმნის კერძს, რომელიც უკვე არსებობს.

განსხვავება საწყისი პრინციპებით ფიქრსა და ანალოგებით ფიქრს შორის ჰგავს იმ განსხვავებას, თუ როგორ ფიქრობს შეფი და როგორ ფიქრობს მზარეული. თუ მზარეული დაკარგავს რეცეპტს, მას კერძის დამზადებაში პრობლემა შეექმნება. მეორეს მხრივ, შეფს ფუნდამენტალურ დონეზე ესმის არომატის პროფილები და შეუძლია უამრავი კომბინაციებით შექმნას ახალი გემო. მას აქვს რეალური ცოდნა და ეს მეტია, ვიდრე Know-How.

საწყისი პრინციპებიდან ფიქრი მოიცავს პრობლემის ან საკითხის მარტივ მამრავლებად დაშლას/დეკონსტრუქციას. მთვარი საკითხების ან რგოლების იდენტიფიცირებას, დაკვირვებას და შესწავლას. და შემდეგ რეკონსტრუქციას.

აქ მთავარია ყურადღების კონცენტრაცია მნიშვნელოვან დეტალებზე.

მოდით კიდევ გავშალოთ ეს თემა, მიმისთვის რომ კარგად ჩავწვდეთ კლონირების და კოპირების უდიდეს მნიშვნელობას.

პაბლო პოკასომ ერთხელ აღნიშნა „კარგი მხატვრები სესხულობენ, გენიალური მხატვრები იპარავენ“ როდესაც იპარავ ყურადღების კონცეტრირება უნდა მოხდეს მთავარზე. და არა მთლიანად კონტექსტზე, კონტექსტი შედგება მნიშვნელოვანი დეტალებისგან და სწორედ ამ დეტალებიდან უმთავრესის გამორჩევაა უმნიშვნელოვანესი. ის თუ რაზეც დგას კონტექსტი და ის თუ რის გარეშეც მისი გენიალურობა წარმოუდგენელია.

ფიქრის ამგვარი არქიტექტურა ნამდვილად არის, საწყისი პრინციპებიდან ფიქრის ნაირსახეობა?

1945 წელს პაბლო პიკასომ შექმნა ნახატი სახელად „ხარი“ რომელიც იყო 11 ნახატისგან შემდგარი სერია. ყოველი მომდევნო ხარის გამოსახულება გამარტივებული და აბსტრაქტული იყო წინამორბედისგან. მხატვრის მიზანი იყო „მხეცის სულის“ პოვნა

ქვემოთ მოცემულია ამ მთლიანი ნახატის პირველი, მე-4 და საბოლოო გამოსახულება

ფოტოზე ხარის გამოსახულება პროგრესირებს:

  • რეალისტური ნახატი
  • დეკონსტრუირებული, „აბსტრაქტული“ სტილი
  • ხარის ფორმის გამომკვეთი ხაზები.

11 გამეორების საშუალებით პიკასო ამარტივებდა ხარის გამოსახულებას (აშორებდა ზედმეტს) მანამ სანამ, არ დაიჭირა ხარის არსი.

პაბლო პიკასო, აბსტრაქციის პროცესის შესახებ: “ორი ხვრელი, ეს არის სახის სიმბოლო და ეს ორი ხვრელი საკმარისია სახის წარმოჩენისთვის. სულაც არ არის გასაკვირი რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ასეთი მარტივი ფორმით. დაუკვირდით, ყველაზე აბსტრაქტული სწორედაც რომ შეიძლება რეალობის მწვერვალი იყოს“

-გენიალურია.

მაშ ასე ჩვენ გვაქვს ორი მენტალური შაბლონი რომელიც განვიხილეთ ამ ბლოგში

1 - ეს არის კლონირება/კოპირება/იმიტირება. (რამოდენიმე სინონიმი)

2 - ეს არის საწყისი პრინციპებიდან ფიქრის უპირატესობა.

მოდით გავაერთიანოთ ეს ორი შაბლონი და დავაკვირდეთ რა უპირატესობას მოგვცემს ამ ორი შაბლონის კომბინირებული სინთეზი მაგალითად საინვესტიციო სფეროში?

მინდა ავღნიშნო რომ: თუ თქვენ ააწყობთ საინვესტიციო პროცესს იმაზე დაყრდნობით თუ რას ყიდულობენ და რა კომპანიებში ახორციელებენ წარმატებული და ცნობილი ინვესტორები საკუთარ კაპიტალის ინვესტირებას, ეს არის ძალიან კარგი საინვესტიციო სტრატეგია.

იმის ნაცვლად, რომ გაწიოთ უდიდესი მოცულობის სამუშაო, რომ მოძებნოთ საინვესტიციოდ კარგი იდეები, რატომ არ ღირს აიღოთ ცნობილი ინვესტორების პორტფელი და დააკვირდეთ რა კომპანიებში ახორციელებენ ინვესტირებას? ამ შემთხვევაში თქვენ უკვე გაქვთ კოპირების ობიექტები, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ „ნუ დაა-Copy-რებ, თუ წარმატებით Paste-ი არ შეგიძლია. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრმად კოპირეა შეიძლება არამომგებიანი იყოს ჩვენთვის, ისევე როგორც რომელიმე ბიოლოგიურმა ქმნილებამ, მაგალითად პეპელამ, რომ დააკოპიროს შეფერილობა ნაკლებად ეფექტური გემოს ან სუნის მქონე სხვა ქმნილებისა, ამ შემთხვევაში ის ვერ მოახდენს საუკეთესო თავდაცვის ზღუდის შექმნას.

იგივე მიგომამ უნდა იმუშაოს საინვესტიციო იდეების კოპირების დროს. აქ მთვარია ჩავწვდეთ ინვესტიციის სულს, იმას თუ რაზე დგას ეს ინვესტიცია რა არის მთვარი და მნიშვნელოვანი იმ კომპანიაში რომლის აქციების შეძენას მოახდინა ცნობილმა ინვესტორმა. როგორც პიკასო რეაისტურ ნახატს ამარტივებდა იქამდე სანამ არ დარჩა ის მნიშვნელოვანი რაზეც დგას ხარის არსი. ეს არის საწყისი პრინციპეპიდან ფიქრის მომენტი. საინვესტიციო იდეის დაშლა მარტივ მამრავლებად, დაკვირვება უმთავრეს გარემოებებზე და შემდეგ რეკონსტრუქცია. როგორც ხედავთ ორივე შაბლონი ქმდებაშია: კოპირება/კლონირება და საწყისი პრინციპეპიდან ფიქრის უპირატესობა.

ამ ორი შაბლონის სონთეზური ქმედებით უამრავი საინტერესო საინვესტიციო იდეა შეიძლება დაიჭროთ ფინანსურ სამყაროში. და ეს სტრატეგია გონებაში სატარებელი იდეაა.

 

დღეისათვის სულ ეს იყო.

თუ გაინტერესებთ ამგვარი საკითხები შეიძინეთ ჩემი წიგნი "მენტალური შაბლონები" სადაც უამრავი ბიზნესმოდელია განხილული სხვადასხვა ხედვის კუთხიდან.


შესაძენად დააკლიკეთ აქ.

 

თუ თქვენ გსურთ ამ სახის ინფორმაცია, ავტომატურად მოგდიოდეთ მეილზე, დასქროლეთ ეს გვერდი და ბოლოში "გამოიწერე სიახლეები" მიუთითეთ თქვენი მეილი.

 

მადლობა რომ გვკითხულობთ.

კომენტარები

ბოლო სიახლე

სრულად ნახვა
05 სექტ. 2023
სემინარი როგორ შევარჩოთ და ვიყიდოთ კომპანიის აქციები.

მოგესალმებით ბატონებო. მათ ვისაც აინტერესებს როგორ მოვახდინოთ სარფიანი კაპიტალდაბანდება კომპანიის აქციებში, თუ გაინტერესებთ როგ...

0 კომენტარი